2015-07-17
2015 წლის 17 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ფონდის გენერალური დირექტორი ახალ საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. რეორგანიზაციის შედეგად რუსთაველის ფონდი ახალი წესდებით იწყებს მუშაობას. ფონდის მართვის მიზნით შეიქმნა ახალი კოლეგიალური ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები.
შეხვედრაზე მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს გააცნეს ფონდისმუშაობის პრიორიტეტები, ბოლო ოთხი წლის მუშაობის სტატისტიკა და განიხილეს ფონდის განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმა: საერთაშორისო ექსპერტთა ქსელის გაფართოება; გრანტების მენეჯმენტის ერთიანი ახალი სისტემისა და ახალი ბაზის შექმნა; საქართველოს ერთიანი სამეცნიერო პორტალის შექმნა; სამეცნიერო საინფორმაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა; საგრანტო პროგრამების განახლება.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს ფონდის პრიორიტეტები:სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისობა საქართველო 2020-ის პრიორიტეტებთან; მიზნობრივი, გრძელვადიანი საგრანტო პროექტები STEM-ის მიმართულებით; შეფასების ახალი კრიტერიუმები-საუკეთესო პროექტების დაფინანსება; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამა; ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის გაძლიერება; მეცნიერება იწყება სკოლიდან; ახალ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობა; გამოყენებითი კვლევების ერთობლივი საგრანტო კონკურსი GITA -სთან და საქპატენთან თანამშრომლობით.
>>>