ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგის პრეზენტაცია
2015 წლის 22 აპრილს, 15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის (ხელშეკრულება 30/23) – „ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი“ – საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გრანტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი სამუშაოები.
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თედო დუნდუამ დამსწრე საზოგადოებას ვიზუალურად გააცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებ-გვერდი – ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი (www.geonumismatics.tsu.ge) და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე. თ. დუნდუამ აღნიშნა, რომ კატალოგში წარმოდგენილია ქართული ნუმიზმატიკის ყველა სამონეტო ჯგუფი. ჯგუფები იყოფა ტიპებად, ან ქვეჯგუფებად. თითოეული ტიპი/ქვეჯგუფი წარმოდგენილია ფოტოებით, აღწერილობით, ვრცელი სამეცნიერო კომენტარით, მინიშნებით მონეტის მოჭრის ადგილის, ნომინალის, თარიღის, კოლექციის, ბიბლიოგრაფიის შესახებ; თან ერთვის უცხოური ფულის სია, რომელიც მიმოიქცეოდა ქართულ სამონეტო ბაზარზე. საბოლოოდ აღინიშნა, რომ პროექტის დასრულების შედეგად შეიქმნა ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი, სადაც წარმოდგენილია 25 საუკუნის მანძილზე საქართველოში მოჭრილი და ჩვენი ქვეყნის სამონეტო ცირკულაციაში აქტიურად მოქმედი უცხოური მონეტები. კატალოგის ინტერნაციონალიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის მიბმულია მთელ რიგ საიტებზე. იხ. ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალი:
ancientworldonline.blogspot.com/.../online-english-georgian-catalogue-o...
https://plus.google.com/.../posts/4TY7U47x23y
https://www.archaeological.org/events/19027
barbaricum.net/articles/numismatics
Historical Research in the Republic of Georgia: The ... - Rohan
www-rohan.sdsu.edu/~histweb/docs/Leri_Tavadze%20.pdf