GEO ENG
 

 







 

2012-03-06
ქართველმა მეცნიერებმა სპაზმური ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

ქართველმა მეცნიერებმა ენდემური მცენარე კავკასიური სურო შეისწავლეს და სპაზმური ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს.

კვლევის შედეგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია გაეცნენ.

მეცნიერთა მიერ შექმნილი ახალი პრეპარატი ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა განკუთვნილი. სპეციალურად ბავშვებისთვის წამალი სიროფის, ხოლო მოზრდილებისთვის აბების სახით დამზადდა. კავკასიური სუროსგან დამზადებული პრეპარატი სპაზმური, ასთმური ხველისა და ბრონქიტის დროს გამოიყენება.

სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. კვლევა სამი წლის განმავლობაში 150 000 ლარით დააფინანსა.

მეცნიერები ამჟამად მეორე ენდემური ჯიშის მცენარე, კოლხური ბაძგის უნიკალურ თვისებებს იკვლევენ.

share