GEO ENG
 

 







 

2011-12-16
ინოვაციური პროექტების ავტორების დაჯილდოება გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში გამართული გამოფენის ყველა მონაწილე პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვეს.

ფავორიტი პროექტების ავტორები გამოავლინეს საქპატენტის, ბილაინისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. კომპანია ”ბილაინი” მეორე წელია მობილური ტელეფონებით აჯილდოებს კონკურსანტებს. წელს, კომპანიის ფავორიტი  ”ჭადრაკის შემსწავლელი ვებგვერდის” ყველაზე პატარა მონაწილე და პროექტების ”თანამედროვე მერხისა” და ”ლაზერული თარაზოს” ავტორები გახდნენ.

ინოვაციური პროექტი ”ხელმარჯვე რობოტი, რომელიც აკონტროლებს დაღვრილ წყალს” კომპანია საქპატენტის წარმომადგენელმა ფოტოაპარატით დააჯილდოვა, ხოლო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საჩუქრები გადასცა იმ პროექტების ავტორებს, რომლებიც ქიმიის მიმართულებით მუშაობდნენ, რადგან 2011 წლი იუნესკოს მიერ ”ქიმიის წლად” გამოცხადდა.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.

კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ წელს მეორედ ჩატარდა. ამის მიზეზი ის გამოხმაურება და დიდი ინტერესია, რომელიც კონკურსმა მოიპოვა. იგი უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. კონკურსში საქართველოს მოსწავლეებთან ერთად სხვა ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18-წლამდე მოზარდებიც ჩაერთვნენ.

კონკურსი საზეიმო ვითარებაში დაიხურა, მისი ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება.

share