GEO ENG
 

 







 

2011-11-18
საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებმა ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერეს

საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერეს. მეცნიერებთან ერთად კვლევითი ცენტრის შესაძლებლობებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.
უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იყო უნიკალური კვლევითი ლაბორატორიის მონახულება, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის წარმატებული შედეგი.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების დასაფინანსებლად 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს 2012 წლიდან შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია გამოიყენონ, როგორც ბაზა უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
კვლევით ცენტრში სტუმრებმა ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიები და ვივარიუმიც დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო დონის ბიოლოგიური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით.
ლაბორატორიის მიზანია საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის გაძლიერება ინფექციური დაავადებების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებით საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.
ლაბორატორიას ოთხი სამოქმედო სფერო (მანდატი) გააჩნია:
• პათოგენების უმაღლეს დონეზე დაცული საცავი;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სისტემის რეფერალური ლაბორატორია;
• აკადემიური/საბაზისო კვლევების მაღალტექნოლოგიური ცენტრი;
• განათლებისა და გადამზადების ცენტრი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ხელს უწყობს სამეცნიერო თანამშრომლობას ქართველ, ამერიკელ და საერთაშორისო მკვლევარებს შორის, აქ ყველა პირობაა შექმნილი ქართველ მეცნიერთა მომავალი თაობის აღსაზრდელად.
ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და ინფექციური დაავადებების გამოცდილების მქონე ქართველი, ამერიკელი და საერთაშორისო პერსონალით დაკომპლექტდება.
დღესვე საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერები მასწავლებლის სახლის მუშაობას გაეცნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის გეეგმები დაისახა.

share