GEO ENG
 

 







 

2011-11-16
თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა

შერატონ მეტეხი პალასში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების და სხვ.

ღონისძიება საქართველოს განალებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას სულხან სისაურმა მიმდინარე წელს ფონდში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და მეცნიერებს კვლევების ტექნოლოგიის განვითარებისა და თანამედროვე ინოვაციების დანერგვაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

ორი დღის განმავლობაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგებიან, გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შესახებ. ასევე, გაიმართება უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის პოსტერ-სესიები. ფორუმის დასრულების შემდეგ მოწვეული მეცნიერები საქართველოს პროფესორ-მასწავლებლების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს სრულიად ახალი კონკურსებიც, რომელთა იდეა გასულ წელს გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა.

share