GEO ENG
 

 







 

2011-09-28
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმით აღინიშნება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო სიმპოზიუმი გახსნა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების მიზანია დიდი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას შემოქმედების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევა და არსებული კვლევების შედეგების ინტერნაციონალიზაცია.

სიტყვით გამოსვლისას სულხან სისაურმა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში ვაჟა-ფშაველას მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიმპოზიუმი საინტერესოა არა მარტო ვაჟას შემოქმედების მკვლევართათვის, არამედ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის.

სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს 18 ქვეყნის 60-მდე ცნობილი უცხოელი მკვლევარი და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული თანამემამულე ქართველოლოგები მონაწილეობენ. კონფერენცია 4 დღე გაგრძელდება და ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში საზეიმოდ დაიხურება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თემატური საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი ახორციელებს.

2011 წელი UNESCO-ს მიერ ვაჟას წლადაა გამოცხადებული და მისი ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

share