GEO ENG
 

 







 

2011-09-27
ცნობილი უცხოელი და ქართველი ფიზიკოსები თბილისში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მართავენ

ფიზიკის სამეცნიერო მიმართულებაში ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების მოზიდვისა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა სამშობლოსთან პროფესიული კონტაქტების გამყარების მიზნით, თბილისი ფიზიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. სამეცნიერო ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და თავისუფალი უნივერსიტეტის, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

ხუთი დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი ფიზიკოსები მიკრო და მაკრო სამყაროს ერთიანი აღწერისათვის ერთ – ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და ეფექტიანი თეორიის თანამედროვე მიღწევების შესახებ იმსჯელებენ.

საერთაშორისო კონფერენცია დღეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას სულხან სისაურმა საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მიმართულებების აღორძინებისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავის მხრივ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მუდმივად მზად არის სამეცნიერო წრეების მსგავსი შეხვედრების მხარდასაჭერად.

საერთაშორისო ღონისძიებაში ქართველ მეცნიერებთან ერთად დასავლეთის წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე, ცნობილი უცხოელი და ჩვენი თანამემამულე ფიზიკოსები გერმანიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, სამხრეთ კორეიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ინდოეთიდან მონაწილეობენ. ასევე, გაიმართება ლექციები დოქტორანტებისთვის ფიზიკის სამ მიმართულებაში.

ფიზიკის საერთაშორისო კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

share