GEO ENG
 

 







 

2011-09-26
მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის მეცნიერი ორგანულ ქიმიაში არსებულ მიღწევებს განიხილავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ორგანულ ქიმიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰეტეროციკლური ქიმიის მიღწევები“ გაიხსნა. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერი ჰეტეროციკლების ქიმიაში, ასევე ქიმიის სხვადასხვა სფეროში მიღებული სამეცნიერო კვლევის უახლოეს შედეგებს განიხილავენ.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას სულხან სისაურმა კონფერენციის თემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი საინტერესო პროექტების და მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

სამეცნიერო კონფერენცია როგორც პლენარულ, ასევე ზეპირ და პოსტერულ მოხსენებებს ითვალისწინებს. მასში ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს 18 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, საბერძნეთიდან, ჩინეთიდან, სინგაპურიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, პაკისტანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან ჩამოსული უცხოელი მკვლევრები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა რანგის 150-ზე მეტი მოხსენება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

share