GEO ENG
 

 







 

2011-09-24
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საერთაშორისო მასშტაბს იღებს

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

კონკურსის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია სიახლით, დღემდე არსებული ტექნიკური მიდგომების ახლებური გადაწყვეტილების ძიებითა და ზოგადად ინოვაციებით. რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს - მასში 18 წლამდე უცხოელი მოზარდები ჩაერთვებიან.

პროექტები მიიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი.

კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ მსურველებმა განაცხადების ელექტრონული ვერსია ატვირთონ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge მითითებულ სპეციალურ ბაზაში და დარეგისტრირების შემდეგ ნამუშევარი მოიტანონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ელექტრონული რეგისტაცია 6 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების წარმოდგენა 18 ნოემბერს დასრულდება.

წარმოადგენილ პროექტებს სპეციალური კომპეტენტური ჟიური სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე შეაფასებს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე: www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge

share