GEO ENG
 

 







 

2011-08-03
ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო- კვლევით სტაჟირებას გაივლიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.

შესაბამისი საგრანტო კონკურსი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გამოაცხადეს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთათვის უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში პროფესიული გამოცდილების შეძენა და საერთაშორისო საქმიანი კონტაქტების დამყარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კვალიფიკაციის ამაღლებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 40 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დოქტორი, დოქტორანტი ან რეზიდენტი და ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის ენას, სადაც გეგმავს სტაჟირების გავლას. უცხოეთში სტაჟირებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 15 ათასი ლარით დააფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge დღეს დაიწყო და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ანალოგიური კონკურსი წელს მესამედ იმართება. ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ გასულ წელს საზღვარგარეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო სტაჟირება 16 ახალგაზრდა მეცნიერმა გაიარა, მათ შორის რამდენიმე უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დღემდე აგრძელებს მუშაობას იმავე ორგანიზაციებში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის აუცილებლობასა და უცხოეთში სტაჟირების საგრანტო კონკურსის წარმატებულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კონკურსი საუკეთესო საშუალებას ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვისა და მათი მაღალკვალიფიციურ კადრებად აღზრდისათვის.

share