GEO ENG
 

 







 

2011-06-23
საფორტეპიანო შემსრულებლობის პირველი ქართული სამეცნიერო კვლევა

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საფორტეპიანო შემსრულებლობის პირველი ქართული სამეცნიერო კვლევა დააფინანსა. ახალგაზრდა მეცნიერის ნინო ჟვანიას კვლევის შედეგებისა და წიგნის ”თანამედროვე საფორტეპიანო შემსრულებლობა ზოგადკულტურულ კონტექსტში” პრეზენტაცია საფორტეპიანო ნაწარმოებების ფონზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

კვლევის პროცესში შესწავლილია მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში განხორციელებული ექსპერიმენტები და გავლებულია პარალელები მეცნიერებასთან, ფილოსოფიასთან და რელიგიასთან. ავტორმა განიხილა ისტორიული მნიშვნელობის ქმნილების სტატუსმინიჭებული საფორტეპიანო ნაწარმოებების თეორიული და საშემსრულებლო მანერა, ურთიერთდამოკიდებულება შემსრულებელსა და კომპოზიტორს, პიანისტსა და ფორტეპიანოს შორის. სამეცნიერო კვლევაში ახალგაზრდა მეცნიერი ნაწილობრივ იზიარებს ცნობილ მუსიკათმცოდნეთა მოსაზრებებს, თუმცა ამასთან საკუთარ საშემსრულებლო გამოცდილებას ეყრდნობა.

სამეცნიერო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში 2010 წელს დააფინანსა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სამყარო საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესის საგანია, მისი საშემსრულებლო ხელოვნების სამეცნიერო კვლევა არც თუ ხშირია. სულხან სისაურის თქმით, ფონდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის კუთხით და მზადაა მომავალშიც მხარი დაუჭიროს ყველა ამგვარ საინტერესო ინიციატივას.

share