GEO ENG
 

 







 

2011-06-16
ქართული პოსტსაბჭოთა ლიტერატურის სამეცნიერო კვლევა

ქართული პოსტსაბჭოთა ლიტერატურა კულტურული იდენტობის დისკურსში - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანებული კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევა. კვლევის შედეგებისა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ახალგაზრდა მეცნიერმა ნინო პოპიაშვილმა ქართული ლიტერატურა კულტურული და სოციალური იდენტობის თვალსაზრისით შეისწავლა და ერთ წიგნად გამოსცა.

კვლევის პროცესში შესწავლილია ქართული პოსტსაბჭოთა ლიტერატურის თავისებურებები, საბჭოთა-კოლონიური და პოსტსაბჭოთა-პოსტკოლონიური ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები, პოსტსაბჭოთა ლიტერატურის ესთეტიკური და ისტორიული წინაპირობები. ყველაფერი ეს კი განხილულია კულტურული იდენტობის დისკურსში და ისეთი საყოველთაო პროცესის ჭრილში როგორიცაა გლობალიზაცია.

წიგნში ასევე გაანალიზებულია იდენტობის პრობლემა ქართულ კულტურასთან და ლიტერატურასთან კავშირში.

ახალგაზრდა მკვლევარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ამ დრომდე თან სდევს პოსტსაბჭოთა გავლენა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპზეა. წიგნი განკუთვნილია პოსტსაბჭოთა ლიტერატურის მკვლევართათვის და კულტურის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.

სამეცნიერო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2009 წლის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში აცხადებენ, რომ ქართველოლოგიური სამეცნიერო მიმართულება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა ფონდის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებენ.

share