GEO ENG
 

 







 

2011-06-06
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიის შემდეგი სახელობითი პრემიების მისანიჭებლად:

  1. ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია _ მათემატიკის და მექანიკის დარგში;
  2. ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია _ ფიზიოლოგიის დარგში;
  3. სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია _ ბიოქიმიის დარგში;
  4. ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახელობის პრემია _ კულტურულ მცენარეთა გენეტიკასა და სელექციის დარგში;
  5. იოანე პეტრიწის სახელობის პრემია _ ფილოსოფიისა და თეოლოგიის დარგში;
  6. გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემია – საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის დარგში;
  7. თინათინ წერეთლის სახელობის პრემია _ სამართალმცოდნეობის დარგში;
  8. ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია – საქართველოს ისტორიის დარგში;
  9. გიორგი ნიორაძის სახელობის პრემია _ არქეოლოგიის დარგში;
  10. აკაკი შანიძის სახელობის პრემია _ ქართული ენისა და ფილოლოგიის დარგში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა ან სხვა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებს, თვალსაჩინო მოღვაწეებს თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის საუკეთესო ნაშრომისათვის ანიჭებს გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა სახელობის პრემიებს.

პრემიების მინიჭება ხდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ მეცნიერების დღესთან (10 ნოემბერი) დაკავშირებით.

პრემიის მოსაპოვებლად, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ცალკეულ ავტორთა შრომები.

კოლექტიურ ნაშრომებში პრემია მიეცემა ხელმძღვანელს და ძირითად ავტორებს, რასაც დაადგენს წარმომდგენი ორგანიზაცია და აკადემიის საექსპერტო კომისია.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.

პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იქნეს საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და სხვა დაწესებულებებში, ან ცალკეულ პირთა მიერ.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს წინა ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომები, მაგრამ გამოცემული არაუგვიანეს 6 თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო ან რომელიმე სხვა პრემია, გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

შრომა პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, უწყების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა მიერ.

იმ ორგანიზაციებმა/ან ცალკეულმა პირებმა, რომლებმაც პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატი წამოაყენეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალა (წარწერით ,,-------------------------------------- სახელობის პრემიის მოსაპოვებლად’’):                                                      (პრემიის დასახელება)

ა) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის დახასიათებას და განმარტავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას მეცნიერებისა და ქვეყნის განვითარებისათვის;
ბ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (ძირითად სამეცნიერო შრომათა, აღმოჩენათა, გამოგონებათა ნუსხა, მუშაობის ადგილი და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი);
დ) ცნობა იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადების გამოქვეყნების დღიდან 1 თვის განმავლობაში შემდეგ მისამართზე; თბილისი, რუსთაველის გამზ., №52,ოთახი 311.

კონკურსის ადმინისტრირების სრულ პროცესს ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 99-00-52.

share