GEO ENG
 

 







 

2011-04-30
ქართველმა მეცნიერებმა მდინარე ლიახვის ეკოლოგიური მდგომარეობა პირველად შეისწავლეს

 30 აპრილს სასტუმრო “ვერე პალასში” სამეცნიერო პროექტის „მდ.ლიახვის აუზის ეკოლოგიური მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება“ სადემონსტრაციო დღე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გერსამიამ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის და ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებმა და სხვ.


მდინარე ლიახვი მდინარე მტკვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაკადია. იგი სათავეს იღებს ბუნებრივი მიწისქვეშა წყლებით მდიდარ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთიან რეგიონში და ცხინვალის, თამარაშენისა და გორის რეგიონების გავლით ჩაედენება მდ.მტკვარში. დაბინძურების ხარისხის შესწავლის თვალსაზრისით, მდ.ლიახვზე ჯერ კიდევ არ ყოფილა ჩატარებული ეკოლოგიური მონიტორინგი და არ შეფასებულა მისი თანამედროვე ეკო-ქიმიური მდგომარეობა. ყოველივე ამან კიდევ უფრო აქტუალური გახადა მოცემული კვლევა.


კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურების დონით მდინარე ლიახვი სოფელ ნიქოზთან გამოირჩევა. სარწყავი არხის ინტენსიური მშენებლობის გამო ნიქოზის რეგიონში წყალი აღმოჩნდა პათოგენური ბაქტერიებით დაბინძურებული. თუმცა, ზოგადად მდ.ლიახვის წყლის ხარისხი ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით დამაკმაყოფილებელია.
ჩატარებილი კვლევების საფუძველზე ჩამოყალიბდა შემდეგი დასკვნები და რეკომენდაციები: აუცილებელია მდ. ლიახვის ზედა კვეთში ტექნიკის დაყენება პათოგენური ბაქტერიების მოშორების მიზნით.

ორწლიანი სამეცნიერო პროექტი  შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 82885 ლარით დააფინასა .

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტმა ღონისძიებაზე მეორე პროექტის ”თანამგზავრული ინფორმაციის გამოყენების სისტემის შექმნა საქართველოში საზღვაო გადაზიდვებისა და ზღვის ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის” პრეზენტაციაც გამართა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2009 წელს სახელმწიფო სამეცნიერო კონკურსის ფარგლებში პროექტი 100 000 ლარით დაფინანსდა. გამოიაცა ნაშრომი, რომელშიც განვითარებული მეთოდოლოგია ეფექტურია შავი ზღვის ზედაპირის რეალური ტემპერატურული მონაცემების განსაზღვრისათვის.


როგორც მომხსენებელმა გიორგი კორძახიამ აღნიშნა ”ზღვის ზედაპირის ტემპერატურული მონაცემების განსაზღვრა არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემა, რომლის გადაჭრა აუცილებელია რამდენიმე გამოყენებითი საკითხის გადასაწყვეტად, რომლებიც ეხება: თევზჭერას, ზღვის მდგომარეობის დიაგნოზს და მისი ევოლუციის პროგნოზს, ზღვაზე ტრანსპორტირების უსაფრთხოებას, დაჭუჭყიანების კერების დადგენას და მათი გადატანის პროგნოზს, კლიმატის თანამედროვე ცვლილებას, ზღვაში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების კერების აღმოჩენას და მათი მიგრაციის პროგნოზს და სხვ.”


ორივე მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მარიამ გერსამიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ შედეგები მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მიეწოდოს გარემოს დაცვის სამინისტროს დასანერგად. ყველა გამომსვლელმა ერთპიროვნულად აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოები გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და კომპლექსური მიდგომით.

share