GEO ENG
 

 







 

2011-03-28
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე შეისწავლეს

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისა და წიგნის “უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა უძველესი ცივილიზაციის ფორმირების პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოების როლისა და ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში მეტალურგიული პროცესების შესწავლას. წიგნში პირველად გამოქვეყნდა უკანასკნელ წლებში საყდრისსა და ბალიჭ-ძეძვებში გათხრილი მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღაროებისა და მადნის მომპოვებელი საზოგადოების დასახლების უნიკალური კომპლექსის მონაცემები.

პრეზენტაციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაესწრნენ. სულხან სისაურის განცხადებით, მეცნიერების მიერ შესწავლილი საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე არსებული ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური გარემო და მასში აღმოცენებული სამხრეთ კავკასიური და საქართველოს მეტალურგია, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უძველეს ცივილიზაციას.

წიგნი განკუთვნულია როგორც პრეისტორიული კავკასიის პრობლემებით დაინტერესებელ მეცნიერთათვის, ასევე, სტუდენტებისთვის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წიგნის გერმანულ ენაზე გამოცემა.

share