კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში ქართველი მეცნიერები სკოლებში საჯარო ლექციებს მართავენ
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო დავინჩი” ფარგლებში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, ქართველი მეცნიერები საჯარო სკოლებში ლექციებს მართავენ. სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საგარეჯოს რაიონის, სოფელ მანავის სკოლის მოსწავლეებს დღეს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი ესტუმრა. X-XII კლასელებთან შეხვედრისას მეცნიერმა ჯერ თეორიულად ისაუბრა ქიმიის როლზე ყოფით ცხოვრებაში, შემდეგ კი მოსწავლეები პრაქტიკულ ცდებში ჩართო.
მანავის სკოლაში გამართულ ლექციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორიც დაესწრო. სულხან სისაურმა მოზარდებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” პირობები დეტალურად გააცნო და მათ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში საჯარო ლექციები 2 მარტიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მასში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების 40-მდე ქართველი მეცნიერი მონაწილეობს.