GEO ENG
 

 







 

2011-03-11
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნა. 

ახალი კონკურსის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, გამოყენებით კვლევებს შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი, გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის, სამრეწველო ნიმუშის შექმნა ან ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, სრულყოფა. 

გამოყენებითი კვლევები საქართველოში გასულ წლებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ფინანსდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა. 

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს. 

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 18 მარტიდან 27 აპრილის 18 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2 მაისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში საკონკურსოდ არ განიხილება. 

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყება და 27 აპრილის 18 სთ-მდე გაგრძელდება.
ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით ფონდის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციებს გამართავენ. 

დამატებითი ინფორმაცია:

share