GEO ENG
 

 







 

2011-02-11
ანტისაბჭოური სიტყვიერება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს ესტუმრნენ, სადაც ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ”ანტისაბჭოური სიტყვიერება” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობაში საბჭოთა  პერიოდთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიებისა და გადმოცემების ჩაწერას, რაც იმ დროისათვის ხალხში მხოლოდ ჩურჩულით ვრცელდებოდა. სამწლიანი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ჯგუფმა მოიძია საქართველოში კომუნისტური პერიოდისთვის დამახასიათებელი ანტისაბჭოური სიტყვიერების ნიმუშები და რამდენიმე ათეული ოჯახი, რომელთა ცხოვრებასა და ცნობიერებაზეც უშუალოდ აისახა ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკე.

პროექტის ფარგლებში მოძიებულ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გამოიცა წიგნი ”ანტისაბჭოური სიტყვიერება”, შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.asf.ge და მომზადდა 3 მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც გადმოცემულია საქართველოში 70 წლიანი დიქტატორული მმართველობა და იმდროინდელი საზოგადოების ტრაგიკული განცდები.

სულხან სისაურის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან იგი მოიცავს მხოლოდ რეალურ ფაქტებსა და ცნობებს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან საუკუნის ბოლომდე საქართველოს ყოფის შესახებ. ლიტერატურულ ნაშრომსა და დოკუმენტურ ფილმში ნათლად ჩანს თუ რა ფორმებით ახორციელებდა ტოტალიტარული რეჟიმი ერისა და პიროვნების თავისუფლების ხელყოფას.

2006 წლიდან რუსთაველის ფონდმა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერების 12 პროექტი დააფინანსა, მათ შორის 9 სახელმწიფო სამეცნიერო გრანტია, 3 - საკონფერენციო.

share