ატმოსფეროს ზედა ფენებში გლობალური დათბობის თანმდევი პროცესების კვლევა კავკასიის რეგიონში
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური აბასთუმნის ე. ხარაძის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ესტუმრა, სადაც ფონდის მიერ დაფინასებული სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ჯგუფმა კავკასიის რეგიონში ატმოსფეროს ზედა ფენებში გლობალური დათბობის პარალელურად მიმდინარე პროცესები შეისწავლეს და გრძელვადიანი ცვლილებების განვითარების ტენდენციები გამოკვეთეს.
მკვლევარების მიერ ჩატარებული ანალიზი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაგროვილი მონაცემებს ითვალისწინებდა. ქართველი ასტროფიზიკოსების განცხადებით, ატმოსფეროს სტრუქტურული და დინამიკური ცვლილებების შემსწავლელი კვლევები ხელს შეუწყობს კლიმატის მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზირებას.
შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა პროექტი 2007 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში დააფინანსა. სამ წლიანი პროექტის ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენდა.
2006 წლიდან რუსთაველის ფონდმა ე. ხარაძის ასტროფიზიკური ობსერვატორიის 11 სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტი დააფინანსა.