GEO ENG
 

 







 

2011-01-18
უძველესი ლითონწარმოების ნიმუშებს ახალი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით შეისწავლიან

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა, სადაც ფონდის დაფინანსებით შეძენილ სამეცნიერო აპარატურა - არადესტრუქციულ პორტატულ ენერგოდისპერსიულ რენტგენო-ფლუორესცენტულ სპექტრომეტრს გაეცნო.

ახალი სპექტრომეტრი ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს ნივთის დაუზიანებლად შეისწავლონ საქართველოს მუზეუმებში დაცული კოლექციები, გააკეთონ უძველესი მხატვრული ლითონწარმოების ტექნიკური ანალიზი და დაადგინონ საუკუნეების წინ დამზადებული ოქრომჭედლობის ნიმუშების ქიმიური შემადგენლობა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სპექტრომეტრის საშუალებით ჩატარებულ ანალიზს  ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერებს კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო აპარატურის შეძენაში. სულხან სისაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის დაფინანსებით შეძენილი სამეცნიერო-კვლევითი აპარატურებით სარგებლობა მეცნიერთა იმ ჯგუფისთვისაც ხელმისაწვდომია, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ.

აპარატით უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა. სპექტრომეტრის საშუალებით ჩატარდა 2010 წელს ვანში აღმოჩენილი ელინისტური პერიოდის ბრინჯაოს არტეფაქტების ტექნიკური ანალიზი, ასევე შესწავლილ იქნა ნოქალაქევის არქეოლოგიური, ჩხოროწყუს ისტორიული, გორისა და  . ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმ დაცული ექსპონატები.

რენტგენო-ფლუორესცენტული სპექტრომეტრი ეროვნულმა მუზეუმმა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სახელმწიფო გრანტი სამეცნიერო აპარატურის შესაძენადგამარჯვების შედეგად 2010 წელს შეიძინა. აპარატი მარტივად ტრანსპორტირებადია. საინტერესოა ის, რომ ექსპონატების ექსპერტიზის გარდა მისი გამოყენება შესაძლებელია კრიმინალისტიკაში, ასევე, საკვები პროდუქტების ზუსტი ანალიზისთვის.

აღსანიშნავია ის, რომ 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული სხვადასხვა საგრანტო კონკურსის ფარგლებში 7 სამეცნიერო გრანტი მოიპოვა, მათ შორის 5 სახელმწიფო სამეცნიერო გრანტია, 1 - საკონფერენციო და 1 - სახელმწიფო გრანტი სამეცნიერო აპარატურის შესაძენად.

share