GEO ENG
 

 







 

2010-12-28
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ნახვა ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი

ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ნახვა ელექტრონული ფორმით გახდა შესაძლებელი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის ”ქართული ხელნაწერი წიგნი” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი ვებ-გვერდი, www.geomanuscript.ge, რომლის საშუალებით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოძიება. ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული V-XIX საუკუნეების ხელნაწერების შესახებ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ჯგუფი პროექტზე სამი წლის მანძილზე მუშაობდა და იმყოფებოდა მესტიის, ქუთაისის, ახალციხისა და ზუგდიდის მუზეუმებში იქ დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად. მეცნიერებმა ასევე მოინახულეს კაბადოკიისა და ისტორიული ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრები.

”ქართული ხელნაწერი წიგნის” პრეზენტაციას რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დაესწრო.

2006 წლიდან რუსთაველის ფონდის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 11 სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა, აქედან 7 სახელმწიფო სამეცნიერო გრანტია, ორი საკონფერენციო, ერთი - გრანტი სამეცნიერო აპარატურის შესაძენად, ერთი - სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების გრანტი, საერთო ბიუჯეტით 1 მილიონ 200 ათას ლარამდე.

share