GEO ENG
 

 







 

2010-11-10
მსოფლიო მშვიდობისა და მეცნიერების დღეს აღნიშნავს

მშვიდობისა და მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროგრამის ,,აინშტაინის’’ ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი.

თბილისის №42, №157 და №23 საჯაროს სკოლის მოსწავლეებს ფიზიკოსი იური პაპავა, ქიმიკოსი ელიზბარ ელიზბარაშვილი და ბიოლოგი ეკატერინე ბაკურაძე სტუმრობდნენ. მოზარდების მეცნიერებით დაინტერესებისა და პოპულარიზაციის მიზნით ქართველმა მეცნიერებმა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებში ლექციები წაუკითხეს და მათთან ერთად ახალ სასწავლო ლაბორატოებში ცდები ჩაატარეს.

მსგავსი ლექციები მიზნად ისახავს ახლაგაზრდებისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა და სიახლეების გაცნობას და პოპულარულ ენაზე გადმოცემას, მოსწავლეთათვის მეცნიერების საწყის უნარებთან ზიარებას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებში მათ აქტიურ ჩართულობას.

მშვიდობისა და მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს დღეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ბ-ნი სულხან სისაური დაესწრო. მან აღნიშნა, რომ ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსწავლეებში და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაცია, სწორედ ამ მიზნით ფონდი უახლოეს მომავალში ახალი კონკურსის ”კვლევები სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით” გამოცხადებას გეგმავს.

მშვიდობისა და მეცნიერების საერთაშორისო დღეს იუნესკოს ეგიდით 2001 წლიდან აღინიშნება. ფონდი ყველა მეცნიერს ულოცავს ამ ღირშესანიშნავ თარიღს!

share