GEO ENG
 

 







 

2010-10-19
განახლებული „გაგრის საუბრები“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 13-16 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”IX „გაგრის საუბრები“ ნეირომეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებზე".

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

კონფერენცია „გაგრის საუბრები“ პირველად 1948 წელს, გამოჩენილი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით გაიმართა. „გაგრის საუბრების“ მიზანი იყო სპეციალისტების ფართო წრეში ნეიროფიზიოლოგიის ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა. სპეციალისტების წრე მოიცავდა იმ დროისთვის მსოფლიოში ცნობილ ნეიროფიზიოლოგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებიდან.

ივანე ბერიტაშვილის სიცოცხლეში „გაგრის საუბრები“ გაიმართა ექვსჯერ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ორჯერ. დასახელება „გაგრის საუბრები“ მომდინარეობს ქალაქ გაგრიდან, სადაც ეს სამეცნიერო ღონისძიება ტრადიციულად იმართებოდა. 1990-იან წლებში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ „გაგრის საუბრები“ დღემდე არ გამართულა.

2010 წლის 10 იანვარს 125 წელი შესრულდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან. ქართველმა ფიზიოლოგებმა ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს „გაგრის საუბრების“ განახლებული სახით აღდგენა.

განახლებული „გაგრის საუბრების“ მიზანია ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან ქართველი მეცნიერების კიდევ უფრო დაახლოება, გამოცდილებისა და წარმატებების გაზიარება, ულტრათანამედროვე მეთოდების გაცნობა, დანერგვა, ახალგაზრდა მკვლევარების დაინტერესება ნეირომეცნიერებით და სხვ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შვედეთიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე მოხსენებით სულ 87 მეცნიერი გამოვიდა.
კონფერენცია 16 ოქტომბერს დასრულდა. გამოიცა კონფერენციის მასალების კრებული სახელწოდებით "IX გაგრის საუბრები ნეირომეცნიერების აქტუალურ საკითხებზე, აბსტრაქტების წიგნი", ხოლო მოგვიანებით, გამოიცემა სპეციალური კრებული, სადაც IX „გაგრის საუბრების“ მონაწილეთა სრული მოხსენებები გამოქვეყნდება.

share