GEO ENG
 

 







 

2010-10-06
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ეროვნული კონგრესი გაიმართა

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის VI ეროვნული კონგრესი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების ფარგლებში დაფინანდა.

კონგრესი საზეიმოდ 1 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორია კარდონა, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი პოლ პოტერი და სხვ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა კონგრესის მონაწილეებს პრეზიდენტის მისალმება გააცნო.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 300-ზე მეტი მეცნიერი, 23 მომხსენებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, თურქეთიდან და სხვ.

3 ოქტომბერს მუშაობა გაგრძელდა წყალტუბოში, სადაც გაიმართა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციისა და კონგრესში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი სხდომა, აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტის 20 წლის იუბილე.

კონგრესის მსვლელობისას გაიმართა გამოჩენილი ქართველი აკადემიკოსების: ვლადიმერ ბახუტაშვილის, იური მალაშხიას და გურამ გურგენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციები.

კონგრესის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს: ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციამ (WAO), ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიამ (EAACI), იმუნოლოგთა ასოციაციების მსოფლიო გაერთიანებამ (IUIS).

საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის პირველი ეროვნული კონგრესი 1999 წელს გაიმართა. ასეთი მასშტაბები მან წელს პირველად მიიღო.

share