ორდღიანი ფორუმის შემდეგ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები ლექციებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში წაიკითხავენ
2010 წლის 20-21 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” გამართულ საერთაშორისო ფორუმში 25-მა საზღვარგარეთ მოღვაწე და 70-მდე ადგილობრივმა ქართველმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - დიმიტრი შაშკინმა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია საზღვარგარეთ მოღვაწე წარმტებულ ქართველ მეცნიერებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს სამეცნიერო პრიორიტეტები და მათთან ერთად განიხილოს ქართული მეცნიერების განვითარების პერსპექტივები.
ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომელთაც სესიის პარალელურად საკუთარი სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი პოსტერების გამოფენა და პრეზენტაციები გამართეს.
ფორუმზე ქართველმა მეცნიერებმა ისაუბრეს საზღვარგარეთ თავიანთი საქმიანობის შესახებ და სამეცნიერო სფეროში მიღწეულ შედეგებზე, ასევე, მეცნიერების გლობალური პროგრესის კონტექსტში საქართველოს როლსა და მიზნებზე.
ფორუმზე, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ორი ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ფორუმის მონაწილეებს.
საქართველოში მოღვაწე მეცნიერები, ახალი საგრანტო კონკურსების დახმარებით, კვლევებს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან ერთად განახორციელებენ.
საგრანტო კონკურსის ,,ერთობლივი კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით” მიზანია, ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებსა და საქართველოში მომუშავე მკვლევართა ჯგუფებს შორის სამეცნიერო კონტაქტების გაძლიერებას, ასევე, ხელი შეუწყოს დამწყებ მკვლევრებს, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით ცენტრებში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესში და სხვ.
საგრანტო კონკურსის - ”დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობა” - მიზანია, უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ მეცნიერთა ჩართულობის გზით, საქართველოში დოქტორანტურის პროგრამების სამეცნიერო–კვლევითი კომპონენტის გაძლიერება, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მჭიდრო თანამშრომლობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან, საქართველოში მოღვაწე სამეცნიერო კადრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ უახლეს სამეცნიერო მიღწევებსა და თანამედროვე კვლევით ტექნოლოგიებს.
საგრანტო კონკურსები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ორივე კონკურსის საერთო ბიუჯეტი 200 000 ლარზე მეტია.
კონკურსების ადმინისტრირებასა და მონიტორინგს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს.
ორდღიანი ფორუმის შემდეგ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები ლექციებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში წაიკითხავენ. იხ დანართი
ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.