GEO ENG
 

 







 

2010-08-25
საქართველოს ნაკრები გუნდი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ამჯერად ოქროს მედლით დაბრუნდა

ქუთაისის ა.რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ კანადაში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI-2010) ოქროს მედალი მოიპოვა.

ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით ქართველი მოსწავლე ოქროსმედალოსან 24 გამარჯვებულს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ცოტნე ტაბიძე მესამე წელია საერთაშორისო ოლიმპიადებში იღებს მონაწილეობას და მან უკვე ორი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

2010 წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები სამ დისციპლინაში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში წარადგინა.

• 2 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა 6 მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010.
• 1 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა 5 მოსწავლისაგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ფიზიკის 41–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IPHO 2010.
• 1 ოქროს მედალი მოიპოვა 4 მოსწავლიგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2010.

გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ოქროს მედლის მფლობელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 5 000 ლარს გადაცემს, ვერცხლის მედლის მფლობელს 3 000 ლარს, ბრინჯაოს მედალოსანი კი - 2 000 ლარს მიიღებს

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობის ადმინისტრირება განახორციელა საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

share