GEO ENG
 

 







 

2015-09-17
„ელსევიერის“ უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალი განთავსდება

17 სექტემბერს, 13:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ხელი მოეწერა  “ელსევიერის” ბაზაში ორი ქართული სამეცნიერო ინგლისურენოვანი ჟურნალის: თსუ-ის „ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომებისა“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანეს“ განთავსებას. აღნიშნული ჟურნალები „ელსევიერის“ წარმომადგენლობამ, ელექტრონულ პლატფორმაზე განსათავსებლად, შეარჩია მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სტანდარტების შესაბამისად.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტების რექტორები, სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორები და სხვ.  

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“  2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, ასევე  შესაძლებელია  ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.

 

ამასთანავე, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მიიღო წვდომა (SciVal Funding ) მეცნიერთა და სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისა და რეცენზენტთა საძიებო ბაზებზე.

 

წარმატებული პარტნიორობა გრძელდება და ახლა უკვე,  განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.

share