GEO ENG
 

 







 

2015-06-10
შეხვედრა დოქტორანტებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2013-2014 წლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდნენ. შეხვედრა ოფიციალური მიმართვებით დაიწყო, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ყურადღება გაამახვილეს კვალიფიციური სამუშაო კადრების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეძლებენ კვლევაზე დაფუძნებული, სამომავლო პერსპექტივების დასახვასა და შემდეგომ განხორციელებას. რასაც, მთავრობის ხელმძღვანელის თქმით დამწყები მეცნიერების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2 წელია ემსახურება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის 2013-2014 წლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს მიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა. მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრა არსებულ ხარვეზებზე და განმარტა მისი გამოსწორების გზები. ფონდის გენერალურმა დირექტორმა განსახორციელებელ გეგმებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტებში  სამაგისტრო და სადოქტორო სკოლების შექმნის საჭიროებაზე, საერთაშორისო კოლაბორაციასა და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივცრეში ჩართულობაზე. ფონდის გენერალური დირექტორი მზაობას გამოთქვამს შეხვდეს დოქტორანტებს, რათა გაიზიაროს ბენეფიციართა მოსაზრებები საგრატო კონკურსებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მეორე ნაწილში, პრემიერ-მინისტრმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა დოქტორანტების კითხვებს უპასუხეს.

შეგახსენებთ, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეორე წელია ატარებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადებას, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირებას და სათანადო პირობების შექმნას. 2013-2014 წლების კონკურსების შედეგადად 222 გამარჯვებული დოქტორანტია გამოვლენილი, რომელთა დაფინანსებისთვის 4 496 736 ლარი გამოიყო.

share