GEO ENG
 

 







 

2015-03-18
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში (FP7 IncoNet EaP) დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობს.

 „მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო თანამშრომლური ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ (STI International Cooperation Network for Eastern Partnership Countries) პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წლის შემოდგომიდან და მისი მიზანია ხელი შუწყოს დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის პოლიტიკის სფეროში. საქმიანობა ძირითადად მიმართულისოციალურ გამოწვევებზე, რომლებიც განისაზღვრა ორივე მხარისთვის საერთო ინტერესების სფეროდ. კერძოდ, მთავარი პრიორიტეტებია: კლიმატის ცვლილებები, ენერგეტიკა და ჯანდაცვა.

 

პროექტის ფარგლებში ხორციელდება დაინტერესებული სამიზნე ჯგუფების გამოვლენა და წარიმართება საპილოტე აქტივობები კონკრეტულ სამიზნე საქმიანობაზე ზეგავლენისა და კოორდინირების გაძლიერების მიზნით. პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით პროექტი უზრუნველყოფს კვლევას, ანალიტიკური მონაცემების შეგროვებასა და მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი დღის წესრიგის განსაზღვრას. მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის მრავალმხრივი საექსპერტო შეფასება  (Policy mix peer review) განხორციელდება შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი აქტივობების პარალელურად, სადაც აქცენტი გაკეთდება ინოვაციების სტიმულირებაზე. მიმდინარე პროექტი შექმნილია წინამორბედი პროექტების (IncoNet EECA და IncoNet CA/SC) გამოცდილებაზე დაყრდნობით და ხელს შეუწყობს წარმატებული ერთობლივი ძალისხმევის განვითარებას შემოდგომი პროექტისათვის, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს.

 

პროექტი მოიცავს შემდეგ აქტივობებს (Work Packages):

1.        კოორდინირებული საქმიანობა მთავარ სოციალურ გამოწვევებთან დაკავშირებით

2.       აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი

3.       მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების (STI) პოლიტიკის სფეროში დიალოგის მხარდაჭერა

4.        ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის „ჰორაიზონ 2020“ (H2020) მხარდაჭერა

5.        სამეცნიერო - ტექნოლოგიური ინოვაციის მხარდაჭერა

6.        კომუნიკაცია, ინფორმაციის გავრცელება და ხარისხის კონტროლი

7.        პროექტის  მართვა

 

ა.წ. 16-20 მარტს პროექტის ფარგლებში ხოეციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის” (IncoNet EaP) წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ექსპერტთა ჯგუფში არიან ავსტრიის სოციალური ინოვაციების ცენტრის კვლევების პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი, მარტინ ფელიქს გადიუშეკი (Mr. Martin Felix Gajdusek), გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს კვლევის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, მაიკლ შლიხტი (Mr. Michael Schlicht), საერთაშორისო კვლევებისა და რეგიონალური მხარდაჭერის  ცენტრის მმართველი დირექტორი ჯორჯ ბონასი (Dr. George Bonas, საბერძნეთი), უმაღლესი განათლების, კვლევის განვითარებისა და ინოვაციების დაფინანსების აღმასრულებელი ორგანოს გენერალური დირექტორი ადრიან კურაჯ (Adrian Curaj PhD, რუმინეთი), განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მინისტრის თანაშემწე, პროფ. ვიკტორ ნედოვიჩ (Prof. Dr. Viktor Nedovic, სერბეთის რესპუბლიკა) და საერთაშორისო კვლევებისა და რეგიონალური მხარდაჭერის  ცენტრის პროექტის მენეჯერი, იანის კეჩაგიარასი (Yannis Kechagiaras, საბერძნეთი). ვიზიტის განმავლობაში ექსპერტები შეხვდებიან სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს და ჩაატარებენ ინტერვიუებს  მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის მრავალმხრივი საექსპერტო ანალიზის დოკუმენტის მოსამზადებლად.

 

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდებიან შემდეგ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, მარინე ჩიტაშვილს; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, გიორგი შერვაშიძეს; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის პრეზიდენტს, გიორგი კვესიტაძეს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარეს, ირაკლი ქაშიბაძეს; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრება; ინოვაციური კვლევებისა და განვითარების საპარლამენტო საბჭოს; მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (EDA) წარმომადგენლებს; განათლების ,კულტურისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლებს; ISTC და STCU - საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრების, საქართველოს რეგიონალური განყოფილების ქართული ფილიალის ხელმძღვანელებს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს; თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ხელმძღვანელს; საქართველოს სტანდარტებისა და მეტეოროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ხელმძღვანელებს; საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცის (GRENA) წარმომადგენლებს; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) წარმომადგენლებს; ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის ხემძღვანელებს; დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის წარმომადგენლებს; კოალიცია „ინოვაციური საქართველოს“ წევრებს; სამეცნიერო - გამოყენებით და ტექნოლოგიურ სიახლეთა ინფორმაციული პორტალის (ICARTI) წარმომადგენლებს; ახალი ეკონომიკური სკოლა- საქართველოს (NESG) ხელმძღვანელებს;

 

პროექტი დასრულდება 2016 წელს. პროექტის განხორციელების შედეგად: შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც აისახება ინფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის (STI) სფეროში არსებული საქმიანობისა და დაინტერესებული ორგანიზაციების/სამიზნე ჯგუფების შესახებ; განხორციელდება აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის STI-ის პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის მონიტორინგი; ორგანიზებული იქნება საპილოტე კონკურსები  სამეცნიერო ჯგუფების დაკავშირებისა და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით; შეფასდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის კოორდინირებული საქმიანობა და შემუშავდება რეკომენდაციები სამომავლო ღონისძიებებისთვის; მომზადდება ანგარიშები, რომლებშიც აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების STI-ის პოლიტიკის სფეროში არსებული მდგომარეობა;  გაანალიზდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა; ჩატარდება კონფერენციები STI-ის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილე  დაინტერესებული სამიზნე ჯგუფებისთვის; მომზადდება ანგარიში, რომელშიც აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ის პროგრამები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირის მეცნიერთა მონაწილეობა; შეფასდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინოვაციო საქმიანობა და მომზადდება რეკომენდაციები სამომავლო ღონისძიებებისთვის.

share