GEO ENG
 

 







 

2014-10-25
ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბრს სრულდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა პედაგოგებს ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მასწავლებლის სახლში გამართულ შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები დაესწრნენ.

ლია გიგაურმა და მარინე ჩიტაშვილმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პედაგოგებსა და მოსწავლეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ნამუშევრების ელექტრონული რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge 3 ნოემბერის ჩათვლით მიმდინარეობს. პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების, როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. დარეგისტრირებული ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 13 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებითა და სპეციალური საჩუქრებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

share