GEO ENG
 

 







 

2014-06-09
წინასწარი ინფორმაცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსის შესახებ

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ამა წლის აგვისტოში გეგმავენ ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო საგრანტო კონკურსის გამოცხადებას.

საგრანტო კონკურსის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს განახორციელონ მათი საკვალიფიკაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევით ცენტრში გერმანელი მეცნიერების თანახელმძღვანელობით.

კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე და გერმანელი პარტნიორების თხოვნის გათვალისწინებით ფონდმა მიზანშეწონილად ჩათვალა კონკურსის შესაძლო მონაწილე მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, მათი ქართველი ხელმძღვანელებისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წინასწარ ინფორმირება კონკურსის შესახებ.

JÜLICH-ში კვლევების განხორციელება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში: 1)მათემატიკური მეცნიერებები; 2)საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3)საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4)საინჟინრო მეცნიერებები და 5)სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მისი (ქართული) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. დოქტორანტებისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წლამდე მომდევნო 6-თვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ამასთან, JÜLICH-ში კვლევითი სტაჟირების დრო არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები.

საგრანტო დაფინანსება გერმანიაში კლევის პერიოდში შეადგენს ყოველთვიურ 900 ევროს მაგისტრანტებისათვის და 1400 ევროს დოქტორანტებისათვის. ამას გარდა გათვალისწინებულია სამოგზაურო გრანტები ა)ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად; ბ)წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობისთვის საქართველოსა და გერმანიას შორის.

კონკურსზე დარეგისტრირებული საპროექტო წინადადებების ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ მოხდება მათი შეფასება, სულ მცირე, 2 ქართველი ექსპერტის მიერ. საბოლოო შეფასებისთვის განაცხადები გაიგზავნება JÜLICH-ში.

JÜLICH-ის მიერ საპროექტო წინადადებების შეფასებისას, სხვასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ივლისის თვეში ქ. თბილისში დაგეგმილ სემინარზე ქართველი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების აკადემიური აქტივობა, უპირველეს ყოვლისა ინგლისურ (ან გერმანულ) ენაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების დონე. სემინარს დაესწრებიან გერმანელი პროფესორები, მათ შორის ქართველ ბენეფიციართა პოტენციური თანახელმძღვანელები.

განცხადება კონკურსის ვადებისა და პირობების შესახებ, ასევე ინფორმაცია სემინარის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე მოგვიანებით განთავსდება ფონდის ვებ-გვერდზე.

 

 

share