GEO ENG
 

 







 

2013-09-03
საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა სულხან სისაურმა ინფორმატიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროს სახელით ფულადი ჯილდოები გადასცეს.

გიორგი გულიაშვილმა (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი) ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2013), რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, ვერცხლის მედალი აიღო. სამინისტრომ იგი 3 000 ლარის ფულადი პრემიით დააჯილდოვა. ამავე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები აიღეს ჯიმშერ სხირტლაძემ, ნიკოლოზ სვანიძემ (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) და თორნიკე მანძულაშვილმა (ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა), მათ ჯილდოდ 2000-2000 ლარი მიიღეს.

ნანული გვაზავა (ქ. აბაშის №1 საჯარო სკოლა) შვეიცარიაში გამართულ ბიოლოგიის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IBO 2013) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მას 2 000 ლარი ფულადი ჯილდო გადაეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მხოლოდ მესამე წელია მონაწილეობს და ეს ჯილდო პირველია.

მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2013), წელს კოლუმბიაში ჩატარდა, სადაც აკაკი მარგველაშვილმა (ქ. ქუთაისის ა. რაზმაძის სახ. №41საჯარო სკოლა) და გიორგი სვანაძემ (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) ბრინჯაოს მედლები აიღეს, მათ 2000-2000 ლარი გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების შერჩევა-მომზადებასა და მონაწილეობას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს. გუნდები ტრადიციულად, ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მოსწავლეებისაგან დაკომპლექტდა. მათ დამატებით შესარჩევი წერითი ტურები გაიარეს. 4 ნაკრების 19 მოსწავლეს სპეციალური მომზადების ერთთვიანი ინტენსიური კურსი ჩაუტარდათ. ექვსსაათიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მათ ყოველდღიურ რეჟიმში თბილისსა და დაბა ბაკურიანში ჩაუტარდათ. მოსწავლეები მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფებმა საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადეს.

მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. სამინისტრო ასევე წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარგზავნას ითვალისწინებს და საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები კარგი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

share