სულხან სისაურმა საზაფხულო სკოლის მსმენელები დააჯილდოვა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული დამწერლობის” მსმენელები დააჯილდოვა. სულხან სისაურმა პროექტში ჩართულ უცხოელ სტუდენტებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამოცემული წიგნები - ”ბიზანტია ქართულ წყაროებში”, ”საქართველოს ისტორია ტოპონიმიაში”, ”საქართველოს ეთნოგრაფია”, ”ქართული რომანტიზმი ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები” გადასცა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა ოფიციალურად დღეს დაიხურა. პროექტში ქართული ენითა და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული 22 უცხოელი მონაწილეობდა. ათი დღის განმავლობაში სტუდენტებს სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ, მათ ასევე დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები და გაეცნენ ქართულ კულტურას.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ საზაფხულო სკოლას დააფინანსებს. პროექტის მიზანია ქართველოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებში უცხოელი მკვლევრების ჩართვა და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია.