GEO ENG
 

 







 

2012-08-31
დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში უცხოელი ქართველოლოგებისთვის საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს

უცხოელი ქართველოლოგები დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ისტორიას და არქეოლოგიას ეცნობიან. ათი უცხოელი საქართველოში ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში იმყოფება. სკოლის მუშაობის სპეციფიკას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დღეს ადგილზე გაეცნენ.

ქართველოლოგიის სკოლაში გერმანიის, ბრაზილიის, თურქეთის, რუსეთის, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენდები და პროფესორები მონაწილეობენ.

სპეციალური ათდღიანი სასწავლო პროგრამა საქართველოს ისტორიაში, ხელოვნებათმცოდნეობაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიასა და ნუმიზმატიკაში თეორიული სახის სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. სამეცნიერო-კვლევითი ბაზაზე მიმდინარე სწავლებას ქართველი მეცნიერები უძღვებიან. სკოლის მსმენელებისთვის დაგეგმილია ვორკშოპების ორგანიზება, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, თემატური ექსკურსიების მოწყობა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს ოთხ საზაფხულო სკოლას აფინანსებს. ამგვარი სკოლების მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების მოზიდვა, და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს უცხოელთათვის ქართველოლოგიური მეცნიერებების და მათი კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობას, თეორიული და პრაქტიკული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქართველ კოლეგებთან სასწავლო და შემოქმედებითი ურთიერთობის ხელშეწყობა.

share