„ლეონარდო და ვინჩი 2014“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2014“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა თემურ ჩიჩუას, ალექსანდრე თოიძეს და ნიკოლოზ მინაშვილს გამოგონებისთვის „კარბონის ორფენა კომპოზიტი“, გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელები გახდნენ ვახტანგ დონაძე და ირაკლი ჩხეიძე პროექტით „გონიერი მაღვიძარა“; II ადგილი და 3 000 ლარი - ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი პროექტით „მულტიკლიმატიზატორი“; III ადგილი და 2 000 ლარი ნიკა ალავიძე პროექტით „მაღალი წნევის მილების ავარიის ლიკვიდაციის მექანიზმი“.
კონკურსის გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები ინტელის ფონდის დაფინანსებით გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში უდიდესი კონკურსის ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF.
კომპანია ინტელის სახელით ინოვაციური განათლების ფონდმა 7 გამორჩეული ნამუშევარი ნეთბუქებით დააჯილდოვა. 5 პროექტს კი ამერიკული ორგანიზაციების სპეციალური დიპლომები გადაეცა.
ფავორიტი პროექტები გამოავლინეს საქპატენტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, კომპანიამ UGT და საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა. საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ პროექტისთვის „მძინარე პოლიციელი“ რეზო კაპანაძეს მობილური ტელეფონი გადასცა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ პროექტისთვის „SAFE RIDE“ გიორგი ზეიკიძე, დათო გურგენაძე და შოთა ქათამაძე საერთაშორისო ინოვაციების გამოფენაზე გამგზავრებით, ხოლო პროექტის „ბიოგაზის“ ავტორები ნიკა სვანიძე და ვანო შარია დანადგარის პროტოტიპის დამზადების დაფინანსებით დააჯილდოვა.
გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილეებს ნოდარ აბულაძეს, ლუკა გველესიანსა და გიგა დოგუზოვს მთაწმინდის პარკმა ატრაქციონებით მომსახურების ბარათები გადასცა.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გაიმართა, სადაც ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციებს წარუდგინეს. გამოფენის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანია მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა.