GEO ENG
 

 







 

2012-01-28
საქართველოში ამინდის კლიმატური კალენდარი შეიქმნა

ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს. სამეცნიერი კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. კვლევითი საქმიანობის შედეგები სამეცნიერო ჯგუფმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებსა და საკითხით დაინეტერსებულ მკვლევარებს გააცნეს.

მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს კლიმატის დღემდე არსებული 150-წლიანი ფაქტიური მასალები, როგორც გეოგრაფიული ასპექტების, ასევე გარემოზე ადამიანის გავლენის გათვალისწინებით და შექმნეს არსებული საუკუნოვანი მონაცემების ელექტრონული ბაზა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა საქართველოში ყოველდღიური საშუალო კლიმატური მახასიათებლები, როგორიცაა ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა.

პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სამეცნიერო კვლევის შედეგად საქართველოში პირველად შეიქმნა კლიმატური კალენდარი და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით ძირითადი ურბანული პუნქტების ნებისმიერი წლის ყოველი დღის ამინდის დადგენა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სამეცნიერო კვლევის შედეგების პრაქტიკულ გამოყენებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კალენდრით შესაძლოა წარმატებით იხელმძღვანელონ ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო-საინჟინრო სფეროებში.

ორწლიანი სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ 100 000 ლარით დააფინანსა.

ზოგადად, მიმდინარე წელს სამეცნიერო საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს თანხა საგრანტო კონკურსებით გზით, 2000-მდე ქართველი მეცნიერის კვლევით პროექტებს მოხმარდება.

share