GEO ENG
 

 







 

2011-09-20
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. საქართველოს საზღვრებს გარეთ ისტორიული ქართული ტერიტორიები, უცხოეთში არსებული ქართული მონასტრები, ხელნაწერები, საარქივო მემკვიდრეობა, და სხვა ქართული სიძველეები - ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას სულხან სისაურმა საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის შესწავლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ამ მიმართულებით ახალ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსსაც ახორციელებს.

საერთაშორისო კონფერენციაში 70-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. საზღვარგარეთ არსებულ ქართული მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოხსენებით წარსდგებიან მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ირანიდან.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

share