GEO ENG
 

 







 

2011-04-09
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საკონკურსო პირობებს თელავის სამეცნიერო წრეებს აცნობს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ფონდის საქმიანობასა და გამოცხადებული საგრანტო კონკურსების პირობებში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მეცნიერებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. დაინტერესებულ მეცნიერ-თანამშრომლებთან შეხვედრისას სულხან სისაურმა გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საკონკურსო პირობების შესახებ პრეზენტაცია გამართა და ყურადღება იმ ცვლილებებზე გაამახვილა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა; კერძოდ, თითქმის ორჯერ გაიზარდა გამოყენებითი კვლევების პროექტზე წლიური სახელმწიფო დაფინანსება, შემცირდა პროექტის ხანგრძლივობა, გამარტივდა პროექტის დიზაინი და მისი დარეგისტრირების პროცედურა. კონკურსში მონაწილეობა ელექტრონულად გახდა შესაძლებელი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები და კონსულტაციები სასარგებლო და შედეგიანია, როგორც ადგილობრივი სამეცნიერო წრეებისთვის, ასევე ფონდის წარმომადგენლებისთვის, რადგან ორივე მხარისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლა უშუალო კონდაქტით ხდება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა მსგავსი შეხვედრები თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში უკვე გამართეს.

share