GEO ENG
 

 







 

2010-10-06
ტაო-კლარჯეთის თემაზე პირველი კონფერენცია ტარდება

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 5 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ტაო–კლარჯეთი – ისტორია და პერსპექტივები უახლესი კვლევების ფონზე" .

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პროფ. თინათინ ბოჭორიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ვაჟა კიკნაძე, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის დირექტორი პროფ. მარიამ დიდებულიძე, უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

კონფერენციის მიზანია ტაო–კლარჯეთის თემაზე შექმნილი სამეცნიერო მასალების პოპულარიზაცია, ტაო-კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების წინ წამოწევა, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა.

კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანია ამ სფეროში მოღვაწე მკვლევართა დაახლოება, დაგროვილი ინტერდისციპლინარული ცოდნის გაზიარება და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრაცია.

კონფერენციაზე მეცნიერები: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დანიიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ტაო-კლარჯეთის კულტურლ მემკვიდრეობაზე წაიკითხავენ მოხსენებებს.

კონფერენციაზე სამოცი მეცნიერი გამოვა შემდეგი მოხსენებებით: ”ტაო-კლარჯეთის ხელახალი აღმოჩენა”, ”ტაო-კლარჯეთის ძეგლების კვლევისა და რესტავრაციის შესახებ”, ”თურქეთის ქართველობაში შემონახული ერთი ტრადიციის შესახებ”, ”ქართული არქიტექტურა არდაჰანის რეგიონში”, ”ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის მნიშვნელობისთვის” და სხვ.

კონფერენციის მსვლელობისას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება სპეციალური გამოფენა სახელწოდებით "ტაო–კლარჯეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა", რომლის დათვალიერების შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას მიეცემა.

კონფერენცია 8 ოქტომბერს დასრულდება. გამოიცემა კონფერენციის მასალების კრებული სახელწოდებით "ტაო–კლარჯეთი".

share