GEO ENG
 

 







 

2015-10-07
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამეცნიერო სფეროში საქართველოსა და გერმანიის  ათწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.

დღესვე, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის. ფონდის მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებით, 2017 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმში შემავალ ერთ-ერთ უნივერისტეტში ე.წ.  SMART|EDM_lab ლაბორატორია დაარსდება და მას საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი წარუძღვება, რომელიც  იულიხის ცენტრის მკვლევარებთან  უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს გააღრმავებს.

SMART|EDM_lab ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით  ლაბორატორიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად, პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო,  ასევე, ადგილობრივი მეცნიერები.

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრებს თსუ-ს, სტუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები წარმოადგენენ, ხოლო იულიხის ცენტრის მხარეს ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM),  იულიხის ნეიტრონული მეცნიერების  ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი (ZEA) .

 შეთანხმების თანახმად, ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას მხარეები  უზრუნველყოფენ.

ამასთანავე, სერთიფიკატები გადაეცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) “მაგისტრანტებისთვის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის“   გამარჯვებულებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს: დათო შერგელაშვილსა და გრიგოლ აბულაძეს.

share