GEO ENG
 

 







 

2014-10-09
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს მინი გრანტების პროგრამას

სააგენტო აღიარებს, რომ ბევრი ინდივიდუალური ინოვატორის, კომპანიების და მკვლევარებისთვის რთულია განახორციელონ მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები, რომლებიც ტექნოლოგიის განვითარების ციკლის და კვლევების შედეგების კომერციულ პროდუქტად გადაქცევის მაღალ ღირებულებასთანაა დაკავშირებული. მინი გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების გაზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

აპლიკანტების მიერ დაფინანსებისთვის შემოთავაზებული განაცხადები მიზნად უნდა ისახავდეს ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნას და/ან მის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შემდგომ განვითარებას. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების ინოვაციას, რომელიც ახალია გლობალური ბაზრისთვის, სექტორის/რეგიონის ან ბაზრის სეგმენტისთვის.

მინი გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ტექნოლოგიურ პროექტებს ხელი შეეწყობა: კონცეფციის დამტკიცებისა და პროტოტიპირების საქმიანობაში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და საწყისი კაპიტალის მობილიზაციისთვის ბიზნეს გეგმის მომზადებაში. გრანტის ფარგლებში დაფარული იქნება ისეთი ძირითადი საქმიანობა, როგორიცაა:
● ინჟინერია და პროდუქტის დიზაინი
● პროტოტიპის განვითარება და ტესტირება
● საპილოტო წარმოება და აპლიკაცია
● მოწყობილობა ტესტირებასა და წარმოებისათვის
● ბაზრის ტესტირება
● ბაზრის კვლევა
● დაპატენტების (ეროვნული, PCT და საერთაშორისო დონეზე) და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სტრატეგიის შემუშავება

დამატებით დაფინანსდება:
● კვლევის და ტექნოლოგიური განვითარების ექსპერტების / მრჩევლების მომსახურება
● განვითარების / ბიზნეს კონსულტაცია
● იურიდიული მხარდაჭერა
სხვა ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტების, მომსახურებისა და პროცესების განვითარებასა და / ან კომერციალიზაციასთან.

დაფინანსების ზღვრული ოდენობაა: 750 000 ლარი
ცალკეული საგრანტო წინანდადების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა: 50 000 ლარი
დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი 

საგრანტო განაცხადების მიღება იწყება 2014 წლის 6 ოქტომბერს
საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 6 ნოემბერი (18:00 თბილისის დროით)

კონსულტაციები დაინტერესებული გუნდებისთვის გაიმართება სააგენტოს ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, სულხან-საბას N9).
კონსულტაციების დღეებია: ორშაბათი და ხუთშაბათი 11:00-13:00 სთ.
ტელ: +995 32 2 922120

ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთ-დღიან ტრენინგში განაცხადის წერაში. ტრენინგი ჩატარდება სასტუმრო Radisson Blu Iveria (მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1), 11:00-13:00 საათზე.

სრული ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ www.gita.gov.ge

share