GEO ENG
 

 







 

2014-09-01
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო კონკურსს აცხადებენ

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსი.

საგრანტო კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორქნტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მოიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულ, JÜLICH-ისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს (არაუმეტეს სამისა თითოეულ კატეგორიაში) საშუალება ექნებათ გაიარონ გრძელვადიანი სტაჟირება JÜLICH-ის კვლევით ცენტრში, განახორციელონ კვლევითი პროექტები და ითანამშრომლონ JÜLICH-ის და გერმანიის სხვა სამეცნიერო მეცნიერებთან შემდეგ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები და 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

მაგისტრანტისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მისი (ქართული) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. დოქტორანტებისათვის კი გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წლამდე, მომდევნო 6-თვიანი გაგრძელების შესაძლებლობით. ამასთან, JÜLICH-ში კვლევითი სტაჟირების დრო არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები.

საგრანტო დაფინანსება, რომელიც ფარავს ყოველდღიურ საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმთელობის, უბედური შემთხვევებისა და პერსონალური პასუხიმგებლობის დაზღვევას, ჯამში შეადგენს ყოველთვიურ 900 ევროს მაგისტრანტებისათვის და 1400 ევროს დოქტორანტებისათვის. სამოგზაურო გრანტებს, რომლებიც ითვალისწინებს:
ა) ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად;
ბ) წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობას საქართველოსა და გერმანიას შორის.

JÜLICH-ის ადმინისტრაციიდან მხარდაჭერის წერილის მიღებისთვის ელ-ფოსტით მიმართეთ თხოვნით ქალბატონ სვენია კრუზეს (იხ. ქვემოთ) და ინგლისურ ენაზე მიუთითეთ: თქვენი სახელი და გვარი, სტატუსი (დოქტორანტი/ მაგისტრანტი), უნივერსიტეტი, დეპარტამენტი.

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო წინადადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2014 წლის 10 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის 24:00 საათამდე ელექტრონული რეგისტრაციის გზით.

განცხადება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათისა.

კონკურსზე დარეგისტრირებული საპროექტო წინადადებების ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ, მოხდება მათი შეფასება (სულ ცოტა) ორი ქართველი ექსპერტის მიერ. განაცხადები, რომელიც მიიღებს საშუალოდ 80 ქულაზე მეტს, გაიგზავნება JÜLICH -ში, საბოლოო შეფასებისთვის.

ინგლისური (ან გერმანული) ენის ცოდნის დამადატურებელი სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობა (მაგ. შესაბამისი უცხო ენის გამოცდის ჩაბარების შესახებ).
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში:

მინისტრის ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხა
განცხადება საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ
კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ
საპროექტო წინადადება
ბიუჯეტი
სარეკომენდაციო წერილის ფორმა
შეფასების კრიტერიუმები
ელექტრონული რეგისტრაცია

ინგლისურ ენაზე ასატვირთი დოკუმენტები იხილეთ
http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=20&id=1396

JÜLICH-ში კონკურსის საკონტაქტო პირია სვენია კრუზე (Dr. Svenja Kruse): +49 2461 611666; s.kruse@fz-juelich.de, ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ხატია ანანიაშვილი: +995 322 200 220 (დამტ. 4405); international@rustaveli.org.ge

share