GEO ENG
 

 







 

2014-04-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად ატარებს სამ ძირითად კონკურსს: გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს. აღნიშნული კონკურსების მეშვეობით ფონდი ახორციელებს თავის მთავარ ფუნქციას: ობიექტური და გამჭვირვალე კონკურენციის საფუძველზე, ძირითადად, უცხოურ მაღალკვალიფიციურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, აფინანსებს ქართული სამეცნიერო ჯგუფების კვლევით საქმიანობას.

მოკლე სტატისტიკა ასეთია: 2011 წლიდან ფონდში ამ სამი კონკურსის ფარგლებში 2500-ზე მეტი პროექტი შემოვიდა, რომელთაგან 349 დაფინანსდა. დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, ბევრი საკონკურსო პირობა დაიხვეწა, ტექნიკურად უფრო მარტივი გახდა პროექტების წარდგენისა და ანგარიშგების პროცედურები; გათვალისწინებულ იქნა, ერთი მხრივ, სამეცნიერო საზოგადოების მოთხოვნები, მეორე მხრივ, ანალოგიური უცხოური ფონდების გამოცდილება.
მართალია წლიდან წლამდე საკონკურსო დებულებების დახვეწა ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესია, მაგრამ, ამასთანავე, ქვეყნის სამეცნიერო პროფილის გათვალისწინებით დღის წესრიგში დგება კვლევების დაფინანსების ახალი ტიპის უფრო ქმედითი, შედეგზე მეტად ორიენტირებული საკონკურსო მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა აღნიშნულ საკითხზე წამოიწყო აქტიური თანამშრომლობა ევროპელ და აშშ კოლეგებთან. ახალი, ეფექტიანი, საქართველოს რეალიებზე მორგებული დაფინანსების სქემების შემუშავება დაეყრდნობა ქვეყნის მრავალმხრივ სამეცნიერო აუდიტს, რომელზეც მუშაობა ასევე დაწყებულია, აგრეთვე, მსოფლიოში წარმატებით აპრობირებული სქემების გაზიარებას. ფონდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ქართველ მეცნიერთა მოსაზრებებისა და შეხედულებების გათვალისწინებაც, ვგულისხმობთ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის კვლევით ცენტრებსა თუ უნივერსიტეტებში მომუშავე თანამემამულეებს.

მხედველობაში ვიღებთ იმ გარემოებას, რომ კონკურსების წესის საფუძვლიანი ცვლილება ხანგრძლივსა და შრომატევად პროცედურებს მოითხოვს და ამიტომ, ახლავე, 2014 წლის რეგულარული კონკურსების გამოცხადებისთანავე ვაანონსებთ დაგეგმილი სიახლეებისათვის მზადებას. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მეცნიერს, კვლევით ჯგუფსა და ინსტიტუციას აქტიური თანამშრომლობისაკენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი კონკურსების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. მივესალმებით ყველა სახის ინტერაქციას. თქვენი შეხედულებების მოსაწოდებლად ფონდის ვებგვერდზე გააქტიურებულია ლინკი

http://rustaveli.org.ge/index.php?module=text&link_id=49&lang=geo

აგრეთვე, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელფოსტის საშულებით შემდეგ მისამართებზე

dep_scince@rustaveli.org.ge 
info@rustaveli.org.ge

წინასწარ გმადლობთ!

share