GEO ENG
 

 







 

2012-05-17
ქართული მართლმადიდებლური ტაძრების სამგანზომილებიანი კომპიუტერული პროგრამა

ქართველმა მეცნიერებმა ქართული მართლმადიდებლური ტაძრების სამგანზომილებიანი კომპიუტერული პროგრამა შექმნეს. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის ფარგლებში 150 000-მდე ლარით დააფინანსა. სამეცნიერო პროექტის ”ლაზარეს” პრეზენტაცია დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

სამწლიანი პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა ქართული ხუროთმოძღვრების 9 უმნიშვნელოვანესი ტაძარი სამგანზომილებიან პანორამულ სივრცეში გადაიტანეს. ნებისმიერ მსურველს კომპიუტერის საშუალებით შეეძლება სვეტიცხოვლის, ალავერდის, ბაგრატის, დავით გარეჯის, შიო მღვიმის, ჯვრის მონასტრის, გელათის, ანანურისა და ბოლნისის სიონის ტაძრის დეტალური დათვალიერება. კომპიუტერულ პროგრამაში ზედმიწევნითაა დაცული ტაძრებისა და სამონასტრო კომპლექსების გეოგრაფიული მდებარეობა და გეომეტრიული ზომები. ვიზუალური მასალას თან ერთვის ქართული საგალობლები და ისტორიული ცნობები. პროგრამა უკვე გადატანილია კომპაქტ-დისკებზე.

პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ხელს შეუწყობს ქართული მართლმადიდებლური კულტურის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. კომპიუტერული პროგრამა დააინტერესებთ არა მარტო ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევრებს, არამედ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

share