GEO ENG
 

 







 

გრანტები ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის შესაქმნელად

საგრანტო კონკურსის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არეალის გაფართოებისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული სამეცნიერო გამოცემების ინტეგრაციის მიზნით ელექტრონული პერიოდიკის გამოცემის მატერიალურ ხელშეწყობა.

სამეცნიერო ჟურნალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ჟურნალი უნდა იყოს ბილინგვური (ქართულ-ინგლისური), ან მულტილინგვური (ქართული და ორი ან მეტი უცხო ენა). ჟურნალში სტატიების უცხოენოვანი ვერსია უნდა წარმოადგენდეს ქართული დედნის ზუსტ თარგმანს;
  • ჟურნალში განსათავსებლად წარმოდგენილ ნაშრომებს გავლილი უნდა ჰქონდეს ფარული რეცენზირება არანაკლებ ორ ექსპერტთან, რომელთაგან ერთი აუცილებლად უნდა იყოს უცხოელი;
  • ყველა სტატიას წინ უნდა უძღვოდეს სათაური, რეზიუმე (მაქსიმუმ 1000 სიტყვა) და საკვანძო სიტყვები. ყველა სტატიის ბოლოში წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია. ჟურნალში (ან ჟურნალის ბოლოს) მოცემული უნდა იყოს მოკლე ინფორმაცია თითოეული სტატიის ავტორის შესახებ (250 სიტყვამდე);
  • ჟურნალის ერთ ნომერში უნდა შედიოდეს არანაკლებ 10 სტატია;
  • სტატიებს უნდა ჰქონდეს ერთიანი ციტირების სტილი;
  • ჟურნალს უნდა ჰყავდეს სარედაქციო კოლეგია, რომლის შემადგენლობის არანაკლებ 1/2 უნდა იყოს უცხოელი;
  • სამეცნიერო ჟურნალი უნდა გამოდიოდეს წელიწადში არანაკლებ ორჯერ.
  • სავალდებულოა ჟურნალის ინტერნეტში, ელექტრონულ ბაზაში განთავსება.

უკვე არსებული ჟურნალებისათვის ზემოხსენებულ მოთხოვნებთან ერთად სავალდებულოა ჟურნალის პერიოდულობის დაცვა (ჟურნალი უნდა გამოდიოდეს დადგენილ დროს, განსაზღვრული სიხშირით);

დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.

კონკურსი 2009 წლიდან ცხადდება და ყოველ წელს ერთ გამარჯვებულ პროექტს ავლენს.