GEO ENG
 

 







 

2011-06-08
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის კონკურსს აცხადებს

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა. საგრანტო დაფინანსება დაეხმარება საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ერთობლივი პროექტების განხორციელება ჩვენი სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

1. მკვლევართა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას ორგანიზაციის ბაზაზე (საბაზო ორგანიზაცია).

2. საბაზო ორგანიზაცია შესაძლოა იყოს: საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ააიპ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში საბაზო ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 24, 30 ან 36 თვე. პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 8 ივნისიდან 20 ივლისის 24:00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს არაუგვიანეს 27 ივლისის 18:00 საათისა.

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში. მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული.

ვადის დარღვევით შემოსული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში არ მიიღება.

share