GEO ENG
 

 







 

2011-04-17
2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო.

2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები ოთხ დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას. ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის გუნდებს წელს პირველად ბიოლოგიის ნაკრებიც შეუერთდება. შესარჩევი წერითი ტურები სამ დისციპლინაში ქ. თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის წერას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დააკვირდნენ.

შესარჩევ ტურებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 50-მდე VIII-XII კლასის მოსწავლე მონაწილეობს. წერითი ტურების შემდეგ შეირჩევიან ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტი მოსწავლეები, რომლებიც ერთთვიან სპეციალურ მომზადებას თბილისსა და ბაკურიანში გაივლიან.

საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით სულ 19 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ტაილანდში, ტაივანსა და ნიდერლანდებში გაემგზავრებიან.

საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მესამე წელია მიმდინარეობს.

share