GEO ENG
 

 







 

2011-03-18
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური  სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს გააცნეს.

ფუნდამენტური კვლევები საქართველოში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში გასულ წლებშიც ფინანსდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს წელს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 50 000 ლარს.

საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს, ძირითადად, უცხოელი დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეაფასებენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საკონკურსო კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნიკური და სხვა ტიპის პროგრესის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 18 მარტიდან 27 აპრილის 18 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2 მაისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში საკონკურსოდ არ განიხილება.

ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით ფონდის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციებს გამართავენ.

დამატებითი ინფორმაცია:

share