GEO ENG
 

 







 

2010-12-10
ფონდი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების და ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნას დააფინანსებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ ეს გადაწყვეტილება დღეს რიგით მეორე სხდომაზე მიიღო.

კონკურსის ,,2010 წლის საგრანტო კონკურსი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების შესაქმნელად” ფარგლებში წარმოდგენილი 17 განაცხადიდან უმაღლესი შეფასება მიიღო პროექტმა: “ქართველოლოგი”. წამყვანი ორგანიზაციაა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ხელმძღვანელია - პროფ. ელგუჯა ხინთიბიძე;

კონკურსის ,,2010 წლის საგრანტო კონკურსი ქართული ელექტრონული ლექსიკონების შესაქმნელად” კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 37 განაცხადიდან უმაღლესი შეფასება მიიღო პროექტმა: ქართული სალიტერატურო ენის განმარტებითი ლექსიკონი (ელექტრონული ვერსია). წამყვანი ორგანიზაციაა: არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სამეცნიერო ხელმძღვანელია - პროფ. რატი სხირტლაძე

სხდომაზე დამტკიცდა, აგრეთვე, გამარჯვებული პროექტი საგრანტო კონკურსში ,,საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში” შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა”.
პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო ხელმძღვანელია - პროფ. შოთა ადამია.

საბჭომ იმსჯელა ახალი კონკურსების გამოცხადებაზე და გადაწყვიტა:

  1. გამოცხადდეს საგრანტო კონკურსი სასწავლო შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად. საგრანტო კონკურსის მიზანია სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნის ფინანსური უზრუნველყოფა და მის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნა.
  2. გამოცხადდეს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი. აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციას.

სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნოდარ სურგულაძე უძღვებოდა, რომელიც ამავდროულად სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.
შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სულხან სისაურის განცხადებით ფონდი სხვა ახალ საგრანტო კონკურსებს ეტაპობრივად გამოაცხადებს. პირველ რიგში ეს იქნება სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისათვის და სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოყენებითი კვლევებისათვის.

share